30 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მოსახლეობის უწყვეტი და შეუფერხებელი მომარაგება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა და უკვე გაკეთდა განცხადებებიც.

უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, იმ ობიექტების სიის დაზუსტება ხდება, რომლებიც მუშაობას შეაჩერებენ.

სია გამოქვეყნდება. ყველა ვინც დღეს განცხადებას აკეთებს, კატეგორიულად ამბობს, რომ მთავარია წესების დამორჩილება და სახლში დარჩენა.

პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფოს მკაცრი კონტროლი ფასებზე, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასევე ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მოსახლეობის უწყვეტი და შეუფერხებელი მომარაგებაა.

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებს ფულთან კავშირი არ ჰქონდეთ, ყველა ის ბანკნოტი, რომელიც ბანკში შედის, 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს გადის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ახლა ბუნებრივი მოვლენაა და ვალუტის გაუფასურება ხდება სხვა მეზობელ ქვეყნებშიც ფიქსირდება.

"გლობალური მოვლენა, რაც მიმდინარეობს, მხოლოდ საქართველოზე არ ასახულა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც უფასურდება ვალუტები. იმ შემთხვევაში, თუ ლარი შეინარჩუნებს კურსს და ამავე დროს არ გაუფასურდება, იმპორტირებული პროდუქტი შემოვა ძალიან დიდი რაოდენობით საქართველოში, ქვეყანა დაკარგავს კონკურენტუნარიანობას. მას შემდეგ, რაც კრიზისი გადაივლის უკვე დადებითი მოლოდინები გვექნება,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ელოდება მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა უერთდება საყოველთაო მოწოდებას სახლში დარჩენის შესახებ. 

"ელექტროენერგიით და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერი ვითარების ფონზე და ეს ასეც იქნება. 

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მე მინდა საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და ვთქვა, რომ დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, სიფრთხილე, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის,"- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

დღის ამბები