30 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წყარო გაიზარდა - ქვეყანაში ახალი იმპორტირებული კლასტერი გაჩნდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წყარო გაიზარდა. დღემდე მხოლოდ 4 კლასტერი იყო - ერთი ირანის, 2 იტალიისა და ერთი ესპანეთის. თუმცა, ბოლო 3 პაციენტის ისტორია ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება.

COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ერთი ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი და არასრულწლოვანი შვილი არიან. სამივე მათგანი ბოჭორიშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მოქალაქეებმა მაღალი თვითშეგნება გამოიჩინეს, მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართეს. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

30 იანვრიდან დღემდე კორონავირუსზე 1073 პირის მონაცემებს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან 44 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. აქედან პაციენტი ნომერი პირველი გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა. ამ ეტაპზე მძიმეა 86 და 80 წლის ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მათი ასაკიდან და ქრონიკული დაავადებებიდან არის გამოწვეული, დანარჩენ შემთხვევაში COVID-19-ით ინფიცირებული ყველა პირის მდგომარეობა სტაბილურია.

დაინფიცირებული პაციენტები 5 სხვადასხვა კლინიკაში ცალკე ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტების სამკურნალოდ მარსელის მეთოდით 2 პრეპარატი გამოიყენება.

კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100-მდე ნიმუში გაიტესტა. ის პირები, ვისაც COVID-19 არ დაუდასტურდათ, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

თითქმის გამოჯანმრთელებული არიან პაციენტი ნომერი 2 და ნომერი 3. ექიმების ინფორმაციით, ორივეს შემთხვევაში ვირუსის მაჩვენებლები შემცირებულია, დამატებითი ტესტის რამდენიმე დღეში განმეორებით გაკეთდება.

დღის ამბები