30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
COVID 19-ის ტესტები სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს - ფასს შესაბამისი უწყებები დაადგენენ

საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდე პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი დარჩა. სხვისი გამოცდილებით ქვეყანამ მართალია დრო მოიგო, თუმცა დადგა ეტაპი, როდესაც ვირუსის შიდა გავრცელების ალბათობა სულ უფრო მზარდი ხდება.

ვირუსის გავრცელების პრეკრიზისული და კრიზისული პერიოდი დაახლოებით მომდევნო 6-7 კვირას ითვლის და სწორედ ამ პერიოდში მართებთ მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოჩენა, რადგან სწორედ მათ ქმედებებზე იქნება ახლა დამოკიდებული, თუ როგორ გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას.

მანამდე კი უკვე განხილულია ყველა შესაძლო სცენარი და ეპიდემიის განვითარების მათემატიკური მოდელები. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს რამდენიმე გადაწყვეტილებით დასრულდა. პირველ რიგში ეს ეხება საკარანტინო ზონებს.

სახმელეთოსთან ერთად, სპეციალური ღონისძიებები შეეხო საჰაერო საზღვარსაც. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჰაერო ფრენები ქვეყანაში სრულიდ შეჩერებულია. ავიარეისებს კი ქართული ავიახაზები ამიერიდან მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით განახორციელებს.

საგანგებო მიღების რეჟიმში იწყებს მუშაობას რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ე.წ. "ემერჯენსი ცენტრი" მიიღებს ყველა პაციენტს და სიმპტომების მიხედვით მათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაამისამართებს.

სხვა შემთხვევებისთვის არსებობს ცხელი ხაზი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღნიშნავენ, რომ პაციენტების დიდი რაოდენობით მიღების გამოცდილება მათ 2008 წლის აგვისტოშიც მოუწიათ, როდესაც 2 დღე-ღამეში 400 ადამიანის მიღება შეძლეს, ასე რომ გამოცდილება უკვე არსებობს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებით აინტერესებთ, კორონავირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებს ეხება. 1000 ასეთი ტესტი ჩინეთმა საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო და ისინი ქვეყანაში მომდევნო 1 კვირაში ჩამოვა. 200 ათას ტესტზე მოლაპარაკება მიდის კორეასთანაც. უწყებათაშორის საბჭოზე ითქვა, რომ ტესტები სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, შესაბამისი უწყებები კი მის ფასს დაადგენენ. მას მოქალაქეები მედიკოსის დანიშნულების გარეშე ვერ გაიკეთებენ. პაატა იმნაძე იმ რისკებზე საუბრობს, რაც ტესტებთან დაკავშირებით შეიძლება შეიქმნას.

კორონავირუსზე ტესტირებები ლუგარის ლაბორატორიის გარდა, ახლა უკვე ინფექციურ საავადმყოფოში და დაავადებათა კონტროლის ბათუმისა და ქუთაისის ოფისებშიც ხდება. უწყებაში აღნიშნეს, რომ მარაგი არსებობს, თუმცა ტესტები კერძო სამედიცინო დაწესებულებებმაც უნდა შემოიტანონ, ისე რომ არ მოხდეს მისი კომერციალიზაცია. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რაც უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო ისაა, რომ გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და საბანკო დანაყოფებისა, დახურვა ამ ეტაპზე არ ემუქრებათ ღია საკოლმეურნეო ბაზრებს. სხვა სავაჭრო ობიექტებს ქვეყანაში მუშაობა აკრძალული აქვთ.

დღის ამბები