30 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
უახლოეს მომავალში წარვადგენთ მიზნობრივ პაკეტს დაზარალებული ადამიანებისა და სექტორისთვის - მაია ცქიტიშვილი 

საქართველოში არ დგას საყოველთაო კარანტინის საჭიროება - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოებას ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.

"დღეს ეკონომიკის გუნდის წარმომადგენლებს პრემიერთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ჩვენ განვსაზღვრეთ პრიორიტეტული სექტორები. ის სექტორები, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაზარალდნენ. უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, რომელიც იქნება იმ ადამიანების და იმ სექტორისკენ მიმართული, ვინც დაზარალდნენ. აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტის აუცილებლობა ნამდვილად იყო. სწრაფად უნდა გადავლახოთ ის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოშია.

პრემიერის განცხადებით შეიზღუდა საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მუშაობას განაგრძობენ ბანკები, საფოსტო ოფისები და ის სტრუქტურები, რომლის აუცილებლობაც არის. ჩვენ გამოვაქვეყნებთ სიას ამის შესახებ. უნდა აღვნიშნო ასევე, რომ მიტანის სერვისი ფუნქციონირებს და ჩვენ შევუწყობთ ხელს იმ ბიზნესს, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ადამიანების ქუჩაში გასვლა. არცერთი ის ზომა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, არ გულისხმობს იმ საყოველთაო კარანტინს, რომელიც მსოფლიოშია. თუ დავინახავთ, რომ ზომების გამკაცრებაა საჭირო, მოგვიწევს მეტი შემზღუდავი ზომების შემოღება,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები