საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფომრაციით, ბრალდებული სოციალურად დაუცველი პირისთვის მოტყუებით თანხის გამოძალვას შეეცადა. მისი აყვანა ფულის გადაცემის დროს მოხდა. დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც, წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება," - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.