რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ COVID-19-ის წინააღმდეგ - ამ საკითხზე სასაუბროდ დღეს საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა იმართება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შექმნილი ვითარების ფონზე ზიარების წესსა და ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებაზე ისაუბრებენ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ თემაზე სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. გუშინ საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს მიმართა, რომ კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.
დეკანოზი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია) ამბობს, რომ სინოდის სხდომა ზიარების წესის შეცვლის მიზნით კი არ იკრიბება, არამედ იმისთვის, რომ დასუფთავების, ჰიგიენური წესები გაამკაცრონ.
"სინოდის სხდომა იმის გამო კი არ იკრიბება, რომ ზიარებაში ეჭვი ეპარებათ ან რაღაცა, იკრიბებიან იმის გამო, რომ ათასი რაღაცაა დასაცავი, მაგალითად შეგვიძლია დასუფთავებაზე ვისაუბროთ, ჰიგიენური წესები დავიცვათ.
ეკლესიის ისტორიის მანძილზე, რაც ისტორია არსებობს, არასოდეს არ ყოფილა მსგავსი მსჯელობა, რომ როდესმე ზიარებიდან რამე საშიშროება ჰქონდა ადამიანებს," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.