30 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილი დღეს გამართავს.

ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე მთავრობის მეთაური უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესით დაინტერესდა. საუბარი შეეხო ბიზნესისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხს, მათ შორის რესტორნების, ფიტნესცენტრების, კაზინოების, ასევე სარიტუალო დარბაზების და სხვა მომსახურების ობიექტების დახურვის კუთხით არსებულ ვითარებას.

სხდომაზე მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაცია, რომ პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება უკვე დაწყებულია.

ამასთან, საქართველოს ფოსტას დაევალა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს მექანიზმის შექმნა, რომელიც 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიორენებისთვის სახელმწიფო სერვისების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს.

ლევან დავითაშვილმა საბჭოს ასევე გააცნო სურსათის მარაგების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ სურსათით მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტების მომარაგების საჭიროება არ აქვს. ამასთან, პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ბიზნესთან კოორდინაციით თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების 7 სასურსათო პროდუქტზე.

ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაევალათ, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისა და პროგრამა ეკონომიკის სექტორების სტიმულირებისთვის.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ონლაინსწავლების სისტემის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასა და ამ პროცესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება, აქტიურად აღრიცხავს საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში დაბრუნება მოქმედი ავიარეისებით შეუძლიათ.

დღის ამბები