კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყანაში სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.
განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შეხვდა.
მინისტრმა ქვეყანაში სასურსათო მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები მათთან ერთად განიხილა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სავაჭრო ქსელები კარგად არის სტრუქტურირებული.
"ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით სავაჭრო ქსელები ჩვენთან არის სხვანაირად სტრუქტურირებული. ამიტომ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს, რომ მოწოდების წყვეტა იყოს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი აღნიშნავს, რომ სურსათის "ჯაჭვი" და მომარაგება საკმაოდ კარგად არის აწყობილი, ამიტომ არავითარი სურსათის მომარაგების წყვეტა არ იქნება.
"ნიკორა თრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის საკვებით მომარაგებას ქსელი უწყვეტად უზრუნველყოფს.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოს მოსახლეობის პროდუქტის მიწოდებას, არავითარი წყვეტა არ გვექნება,"- განაცხადა "ნიკორა თრეიდის" აღმასრულებელმა დირექტორმა.