30 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს:

"ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება.

საქართველოს ეროვნული ბანკი ვითარებას მუდმივ რეჟიმში აკვირდება და აანალიზებს. ეტაპობრივად, ახალი მონაცემების და ინფორმაციის გამოსვლასთან ერთად, რაც სიტუაციის შეფასების უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, ეროვნული ბანკი  ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს." - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საკმაოდ სწრაფად იცვლება, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.

დღის ამბები