30 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება - დეპუტატები მკაცრი სანქციების დაწესებაზე დაჩქარებული წესით მუშაობენ

კანონით გათვალისწინებული მკაცრი სანქციების დაწესებაზე დეპუტატები დაჩქარებული წესით მუშაობენ. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევას ეხება და ფიზიკური პირისთვის 3 ათას ლარს, იურიდიულისთვის კი 15 ათასს ითვალისწინებს.

კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი პირი 6 თვიდან ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს უჭერს ოპოზიციაც.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებაში ყველა ადამიანს საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს და უნდა შეასრულოს ის. 

"ასეთ კრიზისულ ვითარებაში ყველას აქვს თავის როლი და პასუხისმგებლობა. თავის როლი და პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეებს და თავისი პასუხისმგებლობა აქვს მთავრობას. რაც შეეხება კარანტინს და ჯარიმებს, აქ მოსახლეობის პასუხისმგებლობა უნდა წამოვიდეს წინა პლანზე, თუმცა თავის როლი, რა თქმა უნდა, მთავრობასაც აქვს," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ თუკი მოქალაქე არ ასრულებს მიცემულ დავალებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი ბერკეტები უნდა გააჩნდეს. 

"ადამიანი, რომელსაც აქვს დავალებული, რომ იყოს კარანტინში ან თვითიზოლაციაში, ეს შეასრულოს და თუ არ ასრულებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტები, რომ აიძულოს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ჯარიმებისა და წესების შესახებ საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი

"იმ პირის მიერ, რომელიც დაარღვევს კარანტინის წესს, რომელშიც მოიაზრება თვითიზოლაციის წესის დარღვევა, ფიზიკური პირი დაჯარიმდება სამი ათასი ლარით ადმინისტრაციული წესით. იურიდიული პირის შემთხვევაში, სანქცია იქნება 15 ათასი ლარი.  პირი, რომელმაც ერთხელ უკვე დაარღვია კარანტინის წესი, განმეორებით  დაარღვევს ამ წესს,  მას უკვე დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შინა პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები