30 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
შეწყალებას პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი აღიარებაა - გიორგი გახარია

ისაუბრეს თუ არა ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა მოლაპარაკების მაგიდასთან დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლების საკითხზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მისი მხრიდან საკითხზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. 

რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების შეფასებას, რომ გიგი უგულავას დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, გახარია ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო და მის კომპეტენციაში ვერავინ შეიჭრება.

"ახალგაზრდა დემოკრატიის პრობლემები რაში მდგომარეობს - როდესაც არც სიმწიფე, არც კომპეტენცია, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოოლიტიკურ აქტორებს არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სასამართლო ინსტიტუცია, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ - თანაც ისე, რომ პოლიტიკური ფასის გადახდა არ უნდათ. როდესაც ამბობენ, რომ ვიღაცა უნდა გათავისუფლდეს, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს სასამართლო, როდესაც სასამართლო ინსტანციები გავლილია, როდესაც პროცესი სრულად პოლიტიზირებულია, ვიღაცამ ვიღაცა უნდა შეიწყალოს... კი მაგრამ თუ რეალურ პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთ შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი ძალიან მარტივია - აღიარებაა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკური ფასი არის არჩევნების შედეგიც და ქვეყნის თითოეული ადამიანის პოზიციაც.

"როგორც ყოფილ შს მინისტრისთვის, ჩემთვის რთულია აღიარების გარეშე შეწყალებაზე საუბარი ადამიანზე, რომელიც პირდაპირ, კადრებში ფიზიკურად უსწორდება პოლიციელს. იმისთვის რომ შეჭრილიყო პარლამენტში და ეს კადრი ყველამ ერთად ვიხილეთ. მათ შორის - თამლიანი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე - ბრალის აღიარების შემთხვევაში შეიწყალებენ თუ არა 21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, პრემიერი პასუხობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის.

"სანამ აღიარება, როგორც სამართლებრივი აქტი არ არსებობს, ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული მოქალაქისთვის და ყოფილი შს მინისტრისთვის არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის არ არსებობს. მე ამას ვეძახი პოლიტიკურ ფასს,“ - ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, შეუძლებელია პარლამენტში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის გამართლება.

„ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს  კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

 

დღის ამბები