30 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციის პირობებში სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან მთავრობის რეკომენდაციები.

მისი თქმით, აუცილებელია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოსთან ფოსტასთან ერთად უნდა შექმნას მექანიზმი, რომელიც სოციალურად დაუცველ პენსიონერებს საჭიროებისამებრ დაეხმარება.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულები ვართ სამწუხაროდ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც სხვა მოქალაქეებს. თუმცა მზად ვართ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება სრულად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, შეუძლებელია გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ გაუძლოს.

საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ერთმანეთზე უნდა იზრუნონ და იზრუნონ ჩვენს მოხუცებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, 70 წელს გადაცილებულები უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში. ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს ფოსტამ უნდა შექმნან მექანიზმი, რომლითაც შეძლებენ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს მიაწოდონ შესაბამისი მომსახურეობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეპიდემიის ვირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე ვართ გადასულები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები შეასრულონ, ეს ყველაფერი სავალდებულოა შესასრულებლად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრთან მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც იყვნენ შეკრებილები. სხდომის დასრულების შემდეგ ხელისუფლება მოქალაქეებისთვის დამატებით რეკომენდაციები გასცა.

დღის ამბები