30 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
5 ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;
2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;
3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;
4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;
5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია - ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი.

თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 54 პირი.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დაიბანონ ხელი, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

დღის ამბები