30 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების კუთხით ევროპა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად რჩება

იტალიაში საგანგებო მდგომარეობის და მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ვირუსი 21 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილია 1 441.

ამ ფონზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს ვატიკანი. სააღდგომო მსახურება იქ მორწმუნეების გარეშე ჩაივლის. განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.

ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ყაზახეთში. ეს მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მხოლოდ 8 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში შესვლა და მისი დატოვება ეკრძალება ყველას, გარდა დიპლომატებისა.

სამგზავრო წესებს ამკაცრებს ნორვეგიაც. მთავრობა ვირუსის პრევენციის მიზნით ყველა უცხოელს, რომელსაც სამეფოში ცხოვრების უფლება არ გააჩნია, ქვეყანას დაატოვებინებს. ნორვეგია ორშაბათიდან ნაწილობრივ კეტავს პორტებსა და აეროპორტებს. ქვეყანაში კორონავირუსის 1 200 შემთხვევაა - გარდაიცვალა 3 ადამიანი.

ლონდონში კი კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი დაიბადა. ჩვილის დედა პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, რამაც "კოვიდ 19" დაადასტურა. ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა ჩვილსაც. ამ ფონზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჯერჯერობით მუშაობენ რეგულაციაზე, რომელიც მხოლოდ ხანდაზმულებს ეხება, კერძოდ, მათ შესაძლოა 4 თვემდე თვითიზოლაცია მოსთხოვონ.

"უნდა დავიცვათ ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც რისკჯგუფშია. ამისთვის ყველა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მოსახლეობა უნდა იყოს მზად ახალი წესებისთვის. განსაკუთრებული რისკის წინაშე ხანდაზმული ადამიანები არიან, ამიტომ მათ უნდა დაიცვან საკუთარი თავი. მთავრობა ამუშავებს სპეციალურ გეგმას - რამდენიმე თვე 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს იზოლაციას მოვთხოვთ,"  - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის მდივანმა მეთ ჰენქოქმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. ტესტის გაკეთება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასულ კვირას ბრაზილიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ დელეგაციის 2 წევრს "კოვიდ 19" დაუდგინდა. ახალი ვირუსის მატარებელი შტატებში 3000-ზე მეტი ამერიკელია, გარდაიცვალა 60. შედეგად, ვაშინგტონმა სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. შეზღუდვები შენგენის ზონის 26 ქვეყანას შეეხო.

დაკეტილი მუზეუმები, კულტურული ცენტრები, რესტორნები და კაფე-ბარები. კორონავირუსის გავრცელებას ესპანეთში მიღებული ეს ზომებიც ვერ უზრუნველყოფს. 8000-მდე ინფიცირებული და 291 გარდაცვლილი. "კოვიდ 19" პრემიერ პედრო სანჩესის მეუღლეს დაუდგინდა. მიმდინარე კვირას ახალი ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ესპანეთის თანასწორობის და რეგიონულ საქმეთა მინისტრებს. მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

სახლიდან არ გადიან, თუმცა ვირუსის გავრცელების ტემპებს ვერ უმკლავდებიან საფრანგეთში, სადაც 4 500-ზე მეტი ინფიცირებული და 91 გარდაცვლილია.

მოქალაქეების დასაცავად უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს ისრაელიც. დაიხურა საზოგადოების თავშეყრის ადგილები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. ქვეყანაში ვირუსით 200 ადამიანია ინფიცირებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ვირუსის გასაკონტროლებლად პროცესში ელექტრონული თვალთვალის სისტემები ჩაირთვება.

მსოფლიოში საგრძნობლად იმატა პანიკამ. სუპერმარკეტების წინ ადამიანების რიგმა რამდენიმე ასეული მეტრი შეადგინა. უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სიტყვიერი დაპირისპირება მაღაზიებში, თუ ადამიანები მათთვის სასურველ პროდუქტს ვერ გაიყოფენ. ამასთან, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკასაც. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, შეაჩეროს ავიამიმოსვლა ევროპასთან, საფონდო ბირჟაზე ნეგატიურად აისახა. თითქმის 10 პროცენტით დაეცა დოუ ჯონსის ინდექსი.

საკითხი უდავოდ მძიმეა, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც იუმორის გრძნობას არ კარგავენ. ვირუსის შემთხვევების დადასტურების გამო სოლტ ლეიკ სიტის პოლიციის დეპარტამენტი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დანაშაულის ჩადენისგან. სამართალდამცველები წინასწარ უხდიან მადლობას ბოროტმოქმედებს თანამშრომლობისთვის.

დღის ამბები