30 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
შეიცვლება თუ არა მრევლისთვის ზიარების ჭურჭელი კორონავირუსის გამო - მღვდელმთავრების აზრი ორად იყოფა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მრევლს ამბიონიდან სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დღეს მოსაყდრის პირველი ზიარება იყო, რის შემდეგაც მრევლმა სიტკბოების მისაღებად ერთჯერადი ჭიქა გამოიყენა.

გადაწყვეტილება საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მიიღო. პარალელურად, კათოლიკოს-პატრიარქი მოსახლეობას დღეში სამჯერ ლოცვისკენ მოუწოდებს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ტაძრებში ზარების რეკვა დაიწყება, რა დროსაც ლოცვები უნდა შესრულდეს. სამშაბათს კი, სასულიერო პირები დედაქალაქის ქუჩებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ.

კორონავირუსის გამო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიარების შემდეგ ერთჯერადი ჭიქებით სიტკბოების მიღებას გულისხმობს, მიუღებელი აღმოჩნდა მეუფე გრიგოლისთვის. ფოთის მიტროპოლიტი საგანგებო და რიგგარეშე სინოდის სხდომის დანიშვნას ითხოვს.

მისი თქმით, საპატრიარქოს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეღო, რაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საკითხს განიხილავდნენ.

როგორც ეპისკოპოსი ამბობს, გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებული განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს და ხვალ ეპარქიაში სასულიერო პირებთან შეხვედრას და პრობლემის განხილვას გეგმავს.

მეუფე გრიგოლისგან განსხვავებით, საპატრიარქოში მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია სხვა ეპარქიებში.

ზიარების შემდგომი წესი ქვეყნის მასშტაბით ყველა ეპარქიაში შეიცვალა. სასულიერო პირები ამბობენ, რომ დღეიდან ყველა ტაძარში ზიარების შემდეგი წესი ახალი რეკომენდაციით შესრულდება, თუმცა მათთვის ზიარების წესის შეცვლა და ერთჯერადი კოვზებით სარგებლობა მიუღებელია.

ამასთან, ყველა ეპარქია მრევლს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაოებს მსახურებისა და წირვა-ლოცვის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს სხვა ეპარქიებსაც მიაწოდებენ.

უნდა გაირკვეს, როგორ ჩატარდება კორონავირუსის პირობებში სააღდგომო ლიტურგიაც, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს.







დღის ამბები