30 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
ჰოსპიტალური სექტორი საგანგებო რეჟიმზე გადადის

კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად საქართველოს მასშტაბით 5 კლინიკა მზადდება.

პირველი რიგის მიმღებ კლინიკებში სულ 440 პაციენტის მოთავსება იქნება შესაძლებელი. ორშაბათიდან რესპუბლიკური საავადმყოფო სტაციონარში მხოლოდ COVID 19-ით ინფიცირებულებს მიიღებს. საავადმყოფო ერთდროულად 120 პაციენტს მიიღებს.

პაციენტების ნაკადის შესაძლო ზრდას მომზადებული ხვდება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაც. საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარში 146 ინფიცირებულის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საშუალო და მძიმე პაციენტებისთვის კლინიკის მომზადება რამდენიმე საათში დასრულდება.

11 ბოქსირებულ პალატას გამოყოფს კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა. მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებულების მოსათავსებლად იზოლირებული ფლიგელი იმუშავებს.

მობილიზაცია უკვე განახორციელა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა. კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, 25 პირი სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გაანაწილა. ჰოსპიტალი, რომელსაც ერთდროულად 180 პაციენტის მიღება შეუძლია, კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად უკვე მზად არის.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, პირველი რიგის მიმღები კლინიკების განსაზღვრა ჰოსპიტალური სერვისების უზრუნველყოფისთვის განხორციელდა.

პირველი რიგის მიმღები 5 კლინიკის რესურსების სრული ათვისების და მომდევნო საჭიროების შემთხვევაში, კლინიკების ჩამონათვალი გაიზრდება.

პრემიერსა და კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება უკვე შედგა. ქვეყნის მასშტაბით, კერძო სამედიცინო დაწესებულებები დამატებით 3 600 საწოლს გაათავისუფლებენ.

დღის ამბები