30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ქსელურ მაღაზიებში დღეს "კურიერს" ჩვეულებრივი მდგომარეობა დახვდა. არც განსაკუთრებული რიგები და არც ცარიელი დახლები კამერას არ დაუფიქსირებია.

პროდუქტების შესაძენად გასული მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი რესპონდენტები გახდნენ, კორონავირუსის დასაცავად ჰიგიენის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა სურსათის დეფიციტის არ ეშინიათ და ამბობენ, რომ ამის საფრთხეს ვერ ხედავენ.

ეს მთავარი გზავნილია, რასაც სასურსათო ქსელების წარმომადგენლები ახმოვანებენ. კომპანიების ხელმძღვანელები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, მარაგები არის და სურსათის დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს.

სურსათის მიწოდება რომ უზრუნველყოფილი იყოს და ფასები სპეკულაციურად არ გაიზარდოს, პროცესს მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი აკვირდება. ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიკრიბა. შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყანაში საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტის მოლოდინი აქვთ, იმპორტიორებიც ამშვიდებენ. კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც ქვეყანაში პროდუქტები შემოაქვთ და ქსელურ მაღაზიებს ამარაგებენ, მოსახლეობას არწმუნებენ, რომ დახლების დაცარიელების საფრთხე არ არსებობს.

სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი მუშაობას სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. 

 

დღის ამბები