30 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განიხილეს საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

ამასთან, აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

"მიზეზი ნათელია. პრემიერ-მინისტრისგან მივიღე ასეთი დავალება. დავუკავშირდი ჩემს კოლეგას, რომელთანაც მაქვს შეხვედრები პრაღის ფორმატის ფარგლებში. ის გახლავთ დელეგაციის ხელმძღვანელი. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა 20 მარტს, მაგრამ გადაიდო გასაგები მიზეზების გამო. ვისაუბრეთ, რომ შეზღუდვები დაწესდება დროებითი სახის. შეჩერდება მიმოსვლა.

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ბუნებრივია, ექნებათ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, ასევე ჩვენს მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ექნებათ საშუალება, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, ეს შეზღუდვა ამოქმედდება ხვალიდან. არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

დღის ამბები