კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა. როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.
"მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ფორსმაჟორში მიიღოს ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. არის იმის საშუალება, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება, ისე, რომ ეკლესია არ აღმოჩნდეს გამოყენებული, აი ეკლესიაა დამნაშავე, რომ ვირუსი აქტიურად ვრცელდება, ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქებით დაპირისპირება, არამედ ერთობლივი მსჯელობით და გადაწყვეტილებით," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლის თქმითვე, ისინი ადგილობრივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
"ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმგვარად, რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას. მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია. ეკლესიის წინაშე განსაცდელი მრავალჯერ ყოფილა, ემოციური გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება საჭირო იყო, მაგრამ გონივრული რეაქცია ყოველთვის საჭიროა მიმდინარე მოვლენებზე," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლმა დღეს საპატრიარქოს პოზიციაზეც ისაუბრა.
"არ ვიცი საპატრიარქო რომ აკეთებს განცხადებას, ვინ დგას კონკრეტული ადამიანები ამის ირგვლივ, ვერ გეტყვით ამას. საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად, ვინ აკეთებს ამ განცახადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს-პატრიარქზეა," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.