30 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
საქართველო და კორონავირუსი - COVID-19-თან ბრძოლაში ექიმების შემდეგ პოლიციაც ჩაერთო

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის 4 წევრი ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა. ცოლ-ქმარი ორი შვილით ბოქსირებულ განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, მესამე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ.  აჭარაში ლუგარის ლაბორატორიის პასუხს სულ 5 პაციენტზე ელოდებიან.

კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმების შემდეგ უკვე პოლიციაც ჩაერთო. მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში იმ მოქალაქეების აყვანის ოპერაცია ტარდება, რომლებიც კარანტინში იძულებით მიჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი პირი, სოფელ ხუნევის მცხოვრებია. მოქალაქე იტალიიდან ხარაგაულში 4 დღის წინ, მეუღლის გარდაცვალების გამო დაბრუნდა. თვითიზოლაციის წესების სავარაუდო დარღვევის გამო, ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო სივრცეებში იძულებით გადაყვანილი პირები ქუჩებში გადაადგილდებოდნენ თავისუფლად და უსაფრთხოების წესების დარღვევით.

ინტენსიური შემოწმებები უტარდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი პირველებს დაუდასტურდათ. თითქმის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა. ამ დრომდე, სტაბილურია იმ მოზარდის მდგომარეობაც, რომელიც ინფიცირებულთა შორის ყველაზე პატარაა.

კორონავირუსზე სპეციალისტების პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. ფიქრობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, თუმცა ამბობენ, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებარება. არ არის გამორიცხული გაიზარდოს საკარანტინო სივრცეების რაოდენობაც. 

მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა პრობლემები შეუქმნა ქართველ მეზღვაურებსაც, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ქვეყნების წყლებში დაცურავენ და სამშობლოში, არსებული საფრთხეების გამო ვერ ბრუნდებიან. მათთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გამონაკლისი დაუშვა და ყველას სერტიფიკატის ვადა გაუხანგრძლივდება.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაფართოვდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდა.

დღის ამბები