30 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ფონდი "ქართუ" მზადყოფნას გამოთქვამს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს

ფონდი "ქართუ" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს. ამის შესახებ საუბარია დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

"დღეს, ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ააცილოს საკუთარ მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტიან მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, ყველა პროფილურ კლინიკას, ამ საქმეში ჩართულ თითოეულ ექიმს, თითოეულ სპეციალისტს და თითოეულ ადამიანს.

"ქართუ" ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებულ მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით,"- ნათქვამია ფონდი "ქართუს" განცხადებაში.

დღის ამბები