30 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში - აშშ-ის შეფასებას ოპოზიცია შეშფოთების საგნად, ხელისუფლება კი მეგობრულ რჩევად მიიჩნევს

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის 53 გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევების აღიარებაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დოკუმენტში ყველა ის პრობლემაა თავმოყრილი, რაზეც ისინი წლებია საუბრობენ. განსაკუთრებულ აქცენტს, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაზე აკეთებენ.

სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევები ერთ-ერთი საკითხია, რაც ანგარიშში მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები, სავარაუდოდ, ახშობდნენ კრიტიკულ აზრებს სისტემის შიგნით და ბლოკავდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებელ ინიციატივებს.

ის, რომ სასამართლო სისტემის ხარვეზებზე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის მისი და თანამოაზრეების ბრძოლის შედეგია. ანა დოლიძის განმარტებით, საქმე სისტემურ შეფასებასთან გვაქვს, რადგანაც საკითხზე არა კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი საუბრობს, არამედ აშშ-ს საგარეო უწყება.

ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ზოგიერთი დარღვევის გამოძიებაზე ზომები მიიღო, თუმცა არასაკმარისი, - ნათქვამია ანგარიშში  20 ივნისის მოვლენებზე საუბრის კონტექსტში. არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. გავრილოვის ღამეს პოლიციის ქმედებებზეც წერს. დოკუმენტში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ზოგიერთი პირის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ის, რაც ოპოზიციისთვის შეშფოთების საფუძველია, მმართველი გუნდისთვის მეგობრისგან მიღებული რეკომენდაციებია. რჩევები, რომლებიც ხელისუფლების განმარტებით, ხარვეზების აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების სტანდარტის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ანგარიშში, რომელიც სამთავრობო უწყებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და გახმაურებული საქმეებიცაა მიმოხილული. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით იდევნებიან. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმის გამოძიება წინ არ წასულა.

ამავე ანგარიშში საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. მოყვანილია კონკრეტული ფაქტი, როცა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ოპოზიციური პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პასუხისგებაში მისცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა "რუსთავი 2-ის" საკითხიც. ზოგიერთი მედიაექსპერტი შიშობდა, რომ "რუსთავი 2-ის"  სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლებოდა. ამავე ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებზე დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ "რუსთავი 2-მა" მთავრობისადმი კრიტიკულობა შეინარჩუნა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. წინა წლების მსგავსად, საქართველოს შესახებ დოკუმენტში კვლავაა საუბარი ძალადობაზე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ.

დღის ამბები