კორონავირუსმა სერიოზულად დაძაბა ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ევროპას საზღვრები ჩაუკეტა, ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და მას ცალმხრივ გადაწყვეტილებად აფასებს.
ვირუსის პრევენციის მიზნით, შტატები 30 დღით ევროპიდან ავიარეისებს შეზღუდავს. ევროკავშირმა ევროპიდან შტატების მიმართულებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა. ევროგაერთიანებამ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო და მას ცალმხრივ მოქმედება უწოდა.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და მისი მეუღლე სოფი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტრუდომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მეუღლეს დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ გრიპის სიმპტომები აღმოაჩნდა.
კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება. კარანტინში მოხვდა ევროპაში ამერიკული ჯარების სარდალიც.
ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, ფაბიო ვეინგარტენს, რომელიც გასულ კვირაში ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდა.
რომის ქუჩებში იქაური სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია თითქმის მთელი დღეა პატრულირებს და ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს. მამა იოანე მათ სახლში დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის თქმის საფუძველი კი ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ინფიცირებული და 827 გარდაცვლილია. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი დღითიდღე იზრდება.
იტალიის დიდ ქალაქებში ტურისტების მასიური თავშეყრის ადგილები ცარიელია. დაკეტილია მაღაზიები. გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვებით არის ნებადართული. ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ახალმა ვირუსმა აპენინის ნახევარკუნძულზე 196 ადამიანი იმსხვერპლა. ამ ფონზე იტალიას ჩინეთი ეხმარება. ოფიციალური პეკინი ვირუსის გავრცელების ზონაში მედპერსონალს და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის.
თავად ჩინეთში კი კორონავირუსის მხრივ ვითარება გაცილებთ უკეთესია. შენარჩუნებულია შემთხვევების კლების ტენდენცია. ბოლო 24-საათში ინფიცირების მხოლოდ 18 და გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. პოზიტიური დინამიკაა სამხრეთ კორეაშიც. აქ ბოლო მონაცემებით გარდაცვალების 6 შემთხვევაა რეგისტრირებული. სულ ქვეყანაში ვირუსით 8 000-მდე ადამიანია დაავადებული.
კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა თითქმის საათში ერთხელ იცვლება. პირველი ფატალური ფაქტები დაფიქსირდა საბერძნეთში, აზერბაიჯანში, ირლანდიაში, ბულგარეთსა და შვედეთში. გარდაცვლილთა რიცხვი საფრანგეთში 48-მდე, ესპანეთში კი 84-მდე გაიზარდა.
COVID-19 ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს, აღმოაჩნდა. კარანტინშია პრემიერ-მინისტრის მოადგილე. ამის გამო მინისტრთა კაბინეტის წევრები სხდომების ონლაინრეჟიმში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
კორონავირუსის გავრცელება, ფაქტობრივად, უკონტროლოა ირანში. ის 10 000 ადამიანს დაუდგინდა - გარდაცვლილია 429. კარანტინში იმყოფება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ეშაქ შაჰანგირი. ინფიცირებულია ირანის პარლამენტის ოთხი წევრი. ქვეყნის მასშტაბით არაერთ მეჩეთში პარასკევის ლოცვა გაუქმდა.
დაავადების პრევენციას ცდილობს შეერთებული შტატები. ინფიცირებულთა რიცხვი იქ 1 300-ს აღწევს, გარდაცვლილია 38 ადამიანი. კორონავირუსი დაუდგინდათ ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს.
ვაშინგტონმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან ამერიკაში შესვლა 1 თვით აკრძალა.
კორონავირუსთან ბრძოლის ტრამპისეულ მეთოდს იწუნებენ ევროპაში. ევროკავშირი შტატების პრეზიდენტს ადანაშაულებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში, რამაც ფინანსური რყევებიც კი გამოიწვია. ევროპასა და აზიაში აქციებზე ფასები ეცემა.
კორონავირუსმა უკვე 120 ქვეყანაში შეაღწია. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია 129 000-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობამ კი 4 749-ს მიაღწია.
ავტორი: დავით ცაგარელი