30 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში - რა შეზღუდვები ამოქმედდა COVID 19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით და პანდემიის პირობებში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. სახელმწიფო უწყებების ნაწილი დისტანციურ მომსახურებებზე გადავიდა.

იუსტიციის სახლებში ხვალიდან ხალხმრავლობა აღარ იქნება. მომსახურების ნაწილს მოქალაქეები დისტანციურად მიიღებენ. კორონავისურის გავრცელების საფრთხის გამო, სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, აუცილებელი საჭიროების გარდა იუსტიციის სახლში არ მივიდნენ, განსაკუთრებით, თანმხლებ პირებთან ერთად.

სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც მოქალაქეები დისტანციურად მიიღებენ, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა კარგია, მაგრამ კომპიუტერის არმცოდნეებისთვის დისტანციური მომსახურება ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ხვალიდან ციხეებში პატიმრებთან პაემნები იკრძალება. ახლობლებთან კომუნიკაციას მსჯავრდებულები მხოლოდ სატელეფონო ზარებით შეძლებენ. კორონავირუსის გამო, მუშაობის რეჟიმს ცვლის იუსტიციის სამინისტროს სხვა ქვეუწყებებიც - პირობითი მსჯავრის მქონე მოქალაქეებს ორი კვირის განმავლობაში პრობაციის სამსახურში მისვლა აღარ ევალებათ. ხვალიდან, სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას წყვეტს.

კორონავირუსის გამო ცვლილებებია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესშიც. 1 თვის განმავლობაში პროცესი შეჩერებულია. მუშაობის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადავიდა მთლიანად მთავრობაც. ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობის გამო, პრემიერ-მინისტრმა უწყებებს თანამშრომლების დისტანცირებულ სამუშაოზე გადაყვანა დღეს დილით, მთავრობის სხდომაზე, მოსთხოვა.

მინისტრთა კაბინეტის შეკრებას დღეს პაატა იმნაძეც ესწრებოდა. მან პროცესის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის წევრებს და შემდეგ მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. იმნაძის თქმით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი თავყრილობებია.

მოქალაქეების მომსახურების ნაწილი იზღუდება თბილისის მუნიციპალიტეტში. დღეს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებოდნენ მოქალაქეებს, თუმცა ხვალიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ მერიის სამსახურები.

შეზღუდვების, დისტანციური მუშაობის და განსაკუთრებული რეჟიმის მიუხედავად, ქვეყანაში, ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. ეს მაშინ მოხდება, თუ კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში ინფექციის გავრცელების წყაროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვეღარ დაადგენს.

შეზღუდვების დაწესებისა და უწყებების საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, ვირუსის პრევენციის მნიშვნელოვანი წილი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა. მთავრობამ დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეიკავონ თავი მოგზაურობისგან, ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან და თვითიზოლაციის შემთხვევაში მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები.

დღის ამბები