30 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიები, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენება და მედიაგარემო - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

სამთავრობო სააგენტოებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. 53-გვერდიან ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენების საკითხი და მედიაგარემოა შეფასებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ზოგიერთი დარღვევის გამოძიებაზე ზომები მიიღო, თუმცა - არასაკმარისი. სწორედ ამ კონტექსტშია საუბარი 20 ივნისის მოვლენებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტი 20 ივნისს პოლიციის ქმედებებზეც წერს, ასევე ციტირებს 16 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, რომლებიც "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

დოკუმენტში განხილულია 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც. სახელმწიფო დეპარტამენტი ეუთოს ციტირებს, რომელმაც პირველი ტური კონკურენტულად შეაფასა, თუმცა გამოყო არათანაბარი პირობები, ამომრჩევლის შევიწროვება და შურისძიების შიში.

53 გვერდიან დოკუმენტში საუბარია სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისაგან. "მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები სავარაუდოდ, ახშობდნენ კრიტიკულ აზრებს სისტემის შიგნით და ბლოკავდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებელ ინიციატივებს," - წერია დოკუმენტში. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სისხლის სამართლებრივ დევნაზეც. მათ შორის ზურაბ ადეიშვილის საქმეზე, რომელსაც 2016 წელს პროკურატურამ კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. მალევე კი ადეიშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზეც მისცა პასუხისგებაში.

დოკუმენტში სასამართლოსა და მედიის გადაკვეთის მაგალითია ფოტოგრაფების საქმე. ისინი 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მათ ყველა ბრალდება მოუხსნა.

სექციაში, რომელშიც გამოხატვის თავისუფლების შესახებ არის საუბარი, მიმოხილულია "რუსთავი 2"-ის საქმეც. ანგარიშის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მესამე სექტორი შიშობდა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლებოდა, თუმცა, ამავე ორგანიზაციებზე და ოპოზიციურ პარტიებზე დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ "რუსთავი 2"-მა მთავრობისადმი კრიტიკულობა შეინარჩუნა.

დოკუმენტში საუბარია რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფისა და დაკავების ფაქტებზე. დასახელებულია კონკრეტული ფაქტებიც - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, ჟურნალისტისა და აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნა. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური ნიშნით იდევნებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. წინა წლების მსგავსად, საქართველოს შესახებ დოკუმენტში კვლავ არის საუბარი ძალადობაზე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ. წლევანდელ დოკუმენტშიც ვკითხულობთ, რომ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიება წინ არ წასულა.

დღის ამბები