საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მისმა თანაშემწემ მას შემდეგ მიიღო, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვირუსი მასაც არ დაუფიქსირდება. პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის," - განაცხადა ტიკარაძემ.