30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ადამიანების სიცოცხლის პარალელურად მთელი მსოფლიო ფინანსურ დანაკარგს ითვლის

ადამიანების სიცოცხლის პარალელურად მთელი მსოფლიო ფინანსურ დანაკარგს ითვლის. საფონდო ბირჟების პანიკის გამო, აქციების ფასი დაცემულია, ზარალდება ყველა სექტორი, მათ შორის ტურიზმი. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ტურიზმს, განსაკუთრებით ბოლო წლებში უდიდესი წილი აქვს. კორონა ვირუსის გამო ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს ფულს. ტურისტული სეზონი კი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.

ტურისტული ბაზრისთვის ახალი კორონავირუსის ნეგატიური შედეგები უკვე კონკრეტულ რიცხვებში აისახა. სექტორი, რომელმაც 2019 წლის ზაფხულში რუსული ბაზრის ჩაკეტვის გამო იზარალა, ახალი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ვირუსის გამო ჯავშნების გაუქმება თებერვლიდან დაიწყო. მარტის გარდა, ტურისტებმა საქართველოში ჩამოსვლა აპრილშიც გადაიფიქრეს. მომავალი თვის წინასწარ დაგეგმილი ტურების 60 პროცენტი უკვე გაუქმებულია. დღის წესრიგიდან მოიხსნა საერთაშორისო გამოფენებიც. ტურისტული ინდუსტრია თვითგადარჩენაზე ფიქრობს.

კორონავირუსმა რომ უკვე დააზარალა ტურისტული ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული ბიზნესსექტორები, ამას მთავრობა აღიარებს. ეკონომიკაზე ვირუსის შესაძლო ნეგატიური გავლენა რომ მინიმალური იყოს, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდი და საბანკო სექტორი შეკრიბა. ეფექტიანი შედეგისთვის მხარეები სახელმწიფოსა და კომერციუულ სექტორს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ. 

ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის საბანკო სექტორის გამართულ მუშაობის განსაკუთრებული როლი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმებული ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, რომ მოკლე თუ გრძელვადიანი გამოწვევები მაქსიმალურად ნაკლები ზიანით დაიძლიოს.

როგორ უნდა გადარჩეს ეკონომიკა, განსაკუთრებით კორონავირუსის მიმართ ყველაზე მეტად სენსიტიური სექტორები, მინიმალური დანაკარგებით და რისი გაკეთება შეუძლია ამისთვის საბანკო სექტორს - ამ კითხვებს კონკრეტული პასუხი რამდენიმე დღეში გაეცემა, მაშინ როდესაც საკოორდინაციო ჯგუფი შეიკრიბება და კონკრეტული სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდება. საბანკო სექტორში ეფექტის მოცულობასა და ხანგრძლივობაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ, არ აქვთ მოლოდინი, რომ ნეგატიური გავლენა გლობალური იქნება. 

ტურისტულ კომპანიებში კი ამბობენ, რომ ბაზრისთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. როგორც სექტორში განმარტავენ, ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის კრიზისს ისიც ართულებს, რომ კორონავირუსის გამო საერთაშორისო პარტნიორები ფინანსურ ვალდებულებებს ვეღარ ფარავენ.

როგორი იქნება პრობლემის დაძლევის გეგმა - ამ კითხვაზე პასუხს განსაკუთრებით ელოდება ტურისტული ინდუსტრია. სანამ სახელმწიფო და საბანკო სექტორი შეთავაზებებს ამუშავებენ, ტურისტული სექტორი თვითგადარჩენის რეჟიმში რჩება.

დღის ამბები