30 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი დარეგისტრირდა - ვინ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას 

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების შედეგი, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი უკვე ინიცირებულია. ახლა პასუხი ოპოზიციამ ბოიკოტის შეწყვეტით უნდა გასცეს და ხმა მისცეს იმ კომპრომისულ ვარიანტს, რომლის შესახებ შეთანხმებას ხელი თავადაც მოაწერა.

4 თვის შემდეგ კონსტიტუცია ისევ შეიცვლება. ხანგრძლივი დაპირისპირების, აქციებისა და ბოიკოტის შემდეგ პროცესები პარლამენტში დაბრუნდა. კანონპროექტი ინიცირებულია და მხარეებს შორის დოკუმენტში შეტანილი ყველა პუნქტი შეთანხმებულია. მათ შორის, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა თბილისში 8 ოლქის შექმნასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების რუქა ასე გამოიყურება: აჭარა - 3 ოლქი, გურია 1, სამეგრელო 3, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი 1 ოლქი, იმერეთი - 4, შიდა ქართლი - 2 მაჟორიტარული ოლქი, კახეთი - 2, ქვემო ქართლი - 3, სამცხე ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი 1 და თბილისი - 8.

ოპოზიციას ამ მოცემულობასთან პრეტენზია არ აქვს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, დაშვებულია ბლოკების შექმნა, თუმცა საარჩევნო ბარიერი ამ შემთხვევაში იმდენი პროცენტია, რამდენი პარტიაც ბლოკში შედის. ახალი პაკეტი მისაღებია მოლაპარაკებებში ჩართული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილისთვის. მათ შორის, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო წასული "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები.

საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე თანხმობაა. ახლა მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევათ პატიმრებს, რომლებიც, ოპოზიციის შეფასებით, ციხეში პოლიტიკური მოტივით მოხვდნენ და რომლებსაც მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებად არ თვლის.

პარლამენტში უახლოეს დღეებში შესაბამისი კომისია შეიქმნება და საკონსტიტუციო ცვლილების სახალხო განხილვა დაიწყება. კორონავირუსის გამო, შესაძლოა, შეხვედრების ფორმატი შეიცვალოს.

​​

დღის ამბები