"ძალიან მოკლედ საზოგადოებას ვეტყვი, თუ რაზე შევთანხმდით პოლიტიკური პარტიები და ამასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს. ვინაიდან, გუშინ დოკუმენტები, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი, საჯაროდ გამოქვეყნდა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, თუ რაზე შედგა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
"შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30-ზე გადანაწილებით. გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ითხოვდა მაჟორიტარული მანდატების 20-მდე შემცირებას, ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და საბოლოო ჯამში შევთანხმდით.
ჩატარდება 1%-იანი ბარიერით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ ინიცირებას 1%-იანი ბარიერით. იქნება დაცული პრინციპით, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას და აქაც მინდა ჩვენ მხარდამჭერებს ვუთხრა, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა არცერთ წინა არჩევნებში არ მიგვიღია. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებშიც ვაპირებთ და ვგეგმავთ, მივიღოთ 40%-ზე გაცილებით მაღალი მხარდაჭერა და ჩამოვაყალიბოთ პარლამენტში მყარი უმრავლესობა.
ასევე შევთანხმდით მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, თუ საჭირო გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ის ჩატარდება 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით. ეს გამორიცხავს და პრაქტიკულად აღარ უტოვებს შანსებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს, კიდევ გააგრძელონ მცდელობა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ნომერ პირველ სტრატეგიულ მოკავშირეს აშშ-ს და განსაკუთრებით ელჩს კელი დეგნანს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ელჩ ჰარცელს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს, ვინც აქტიურად გულშემატკივრობდა და ჩართული იყო ამ პროცესის ფასილიტაციაში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.