30 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურით გააკონტოლებენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად მოძალადეზე ელექტრონულ მონიტორინგს ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ მოძალადეს კიდურზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება, მოწყობილობა მსხვერპლსაც გადაეცემა. ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა წარუდგინა.

ელექტრონული სამაჯურისა და მიმღების ტარების ვალდებულება მოძალადეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაეკისრება. სისტემის კონტროლს კი 112-ში არსებული სპეციალური დეპარტამენტი განახორციელებს. ელექტროსამაჯურის მოხსნის შემთხვევაში მოძალადეს სისხლისსამართლებრივი პასუხისგება მოუწევს. 112-ის ხელმძღვანელი "კურიერთან" განმარტავს, რომ მეთოდი ევროპის წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია. თუმცა ეფექტიანობის მაჩვენებელს სისტემასთან ერთად მსხვერპლის მხრიდან გამოჩენილი თანამშრომლობის სურვილიც განსაზღვრავს.

შსს-ს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ინიციატივის მიხედვით ძალადობა გამოვლილ ქალთა დასაცავად, განმეორებითი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ელექტრონული სამაჯურით მსხვერპლსა და მოძალადეს შორის დისტანცირების კონტროლი გამარტივდება.

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. თუმცა აცხადებენ,რომ დღეს არსებული მექანიზმები მსხვერპლის მოკლევადიან პერსპექტივაში დაცვას უზრუნველყოფს. ქალთა უფლებადამცველების აზრით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მსხვერპლთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე იმუშაოს.

ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად ახალ კამპანიას იწყებს საქართველოს ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ფემიციდის პრევენციისთვის საკანონმდებლო და საინფორმაციო ბაზის გაძლიერებას უზრუნველყოფს. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ძალადობის მზარდი სტატისტიკა დამატებითი ზომების მიღების წინაპირობა უნდა გახდეს.

ოფიციალური სტატისტიკით 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 10 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდენი გასცეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. 2018-19 წლებში ძალადობის შედეგად 14 ქალი გარდაიცვალა. 2020 წელს კი გარდაცვალების მაჩვენებელი რვას უდრის. ქალზე სასტიკი თავდასხმის ბოლო ფაქტი ხაშურში მოხდა, სადაც პოლიციამ ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა.

დღის ამბები