30 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
თბილისის ღვინის მუზეუმი - ისტორიული ძეგლი მე-17 საუკუნეში აშენდა

თბილისის ღვინის მუზეუმი, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმისა და ე.წ. მანთაშევის რიგების ქვედა სართულებზე მდებარეობს, ისტორიულ ძეგლია.

მე-17 საუკუნეში აშენებული ქარვასლა და მისი მიწისქვეშა ქალაქი, დღემდე იმავე სახით არის შემორჩენილი, როგორიც ასწლეულების წინ იყო. ქართული აგურით და თაღოვანი არქიტექტურით ნაშენი დარბაზები მტკვრის დონეზე დაბლაა განთავსებული.

დარბაზებში გრუნტის წყლები და წყაროები მიედინება, რაც მიწისქვეშა სივრცეს კიდევ მეტად შთამბეჭდავს ხდის.

სწორედ აქ, ამ სივრცეში დაიდო ბინა თბილისში პირველმა ღვინის მუზეუმმა. პროექტი "მეიდან ჯგუფის" ინიციატივით და ღვინის ეროვნული სააგენტოს უშუალო კონსულტაციითა და ჩართულობით განხორციელდა.

მუზეუმის რამდენიმე მიწისქვეშა დარბაზს ერთმანეთთან ხიდები აკავშირებს. გათხრებისა და სარემონტო სამუშაოების დროს უნიკალურ და უძველეს შენობა-ნაგებობას კიდევ რამდენიმე აქამდე უცნობი დარბაზი დაემატა.

ძველი თბილისის უძველესი ადგილი ქართული ღვინის 8 ათას წლოვანი ციკლის ისტორიას გვიყვება.

საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილია არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც ქართული ღვინის სიძველესა და ქვევრის უნიკალურობას ადასტურებს. ქართულ მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები: თასები, ღვინის ჭურჭელი, რიტუალური ჭურჭელი, ქვევრი, თამადა, ვაზი, წიპწა.

სარემონტო და არქეოლოგიური სამუშაოები მუზეუმის ტერიტორიაზე 10 წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე დამთვალიერებლების მიღება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის პირველი ღვინის მუზეუმი ოფიციალურად რამდენიმე კვირაში გაიხსნება.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები