30 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
არის თუ არა საშუალო განათლების სასწავლებლები უსაფრთხო - აუდიტის დასკვნა ეჭვის საფუძველს იძლევა

აუდიტის სამსახურმა სკოლების უსაფრთხოება შეისწავლა. ირკვევა, რომ განათლების სამინისტრომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, 50 მლ ლარი დახარჯა.

უწყებამ თანხა მანდატურების ინსტიტუტის გაძლიერებაში, სათვალთვალო კამერების შეძენასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში გამოიყენა, თუმცა არასრულწლოვანთა მიერ სკოლებში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა მაინც საგანგაშოა. აუდიტის სამსახური ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებს და მონაცემებსაც აქვეყნებს. 

2018 წელს არასრულწლოვანთა დანაშაული 2017 წლებთან შედარებით 38%-ით გაიზარდა, მარტო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით სკოლაში 387 ათას 434 დარღვევა დაფიქსირდა. აუდიტის დასკვნამ  ისიც აჩვენა, რომ სკოლის პოლიტიკა მხოლოდ ფიზიკური გარემოს კონტროლს არ გულისხმობს და მნიშვნელოვანია მოსწავლის ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. 

აუდიტის დასკვნაში საგანგაშოა მოზარდთა მართლმსაჯულების სტატისტიკა. 56% -ზე მეტია ქურდობის ფაქტი, 2 %-ზე მეტია განზრახ მკვლელობის მონაცემები, ხშირია ხულიგნობის, ნარკოტიკის მოხმარების და სხვა დანაშაულთა მაჩვენებლები.

აუდიტის დასკვნის თანახმად მხოლოდ გასული 3 წლის მონაცემებით, მსჯავრდებულია 543 ბიჭი და 10 გოგონა.

უსაფრთხო სკოლის პროგრამა განათლების სამინისტრომ 2008 წელს დაიწყო, რომელიც მათ შორის სკოლებში ძალადობის შემცირებას გულისხმობდა. მოგვიანებით, 2010 წელს მანდატურის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. 10 წლის შემდეგ 130 სკოლა ისევ მანდატურის გარეშეა დარჩენილი. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ვიდეო კამერების ნაკლებობაა, განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ დისტანციური დათვალიერება ხდება, ხოლო ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები უკვე ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. 

სახელმწიფოსთან ერთად უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში თავიდანვე ჩართული იყო გაეროს ბავშვთა ფონდი. 

აუდიტის კვლევა სკოლებში უსაფრთხო გარემოს კუთხით გასულ 3 წელს მოიცავს და განათლების სამინიტროს მიმართ 8 ძირითად რეკომენდაციას გასცემს.

დღის ამბები