30 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
კორონავირუსი საქართველოში - ქვეყანაში "კოვიდ 19"-ის მესამე პირზე გავრცელების ფაქტი არ ფიქსირდება

საქართველოში "კოვიდ 19"-ის მესამე პირზე გავრცელების ფაქტი არ ფიქსირდება. ქვეყანა ვირუსის პირველ ეტაპს ებრძვის -  ექიმები რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოსულ დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი ადამიანების მონაცემებს იკვლევენ, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

კორონავირუსის გავრცელების 3 ფაზა არსებობს. პირველი სცენარი არის, როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია, მეორე - როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე - საჯარო გავრცელებაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, საპასუხო ზომები მიღებულია.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში გაორმაგდა. "კოვიდ 19" -ით ინფექციურ საავადმყოფოში სულ 9 პაციენტი მკურნალობს.

"კურიერის" ინფორმაციით, აქედან ორი მამა-შვილია, ხოლო დანარჩენი ოთხი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათგან ერთ-ერთი "ევექსის " სათაო ოფისში მუშაობს.

იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, ვისაც დაინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სამედიცინო დაწესებულების სათაო ოფისი დაკეტილია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცარიელია სააქციო საზოგადოება "გეფას" ცენტრალური ოფისიც, რომელიც "ევექსის" შენობაში მდებარეობს. ადმინისტრაციამ ორშაბათამდე ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

საქართველოს მასშტაბით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45 პაციენტი რჩება. ქუთაისის ინფექციურში მოთავსებულ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საკარანტინო ზონაში 162 პაციენტია.

საჩხერეში კარანტინში მყოფი 34 ადამიანი უკვე გაწერეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში 21 პაციენტს აკვირდებიან, მათ შორის 4 სამხედრო პირია, 5 ირანის მოქალაქე. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 44 პაციენტია. 17 პირის გაწერა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოქალაქეებს საკუთარ სახლში თვითიზოლაციის შექმნისთვის საჭირო პირობები ექნებათ.

რა გზას გადის პაციენტის ბიოლოგიური მასალა ახალ კორონავირუსზე ტესტირების პროცესში - დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჟურნალისტებს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა.

დღის ამბები