30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით 3,410 ადამიანია დაღუპული - გამოჯანმრთელდა 56 ათასი

მთელ მსოფლიოში კორონავირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
დაღუპულია 3,410, თუმცა კვლავ იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი 56 ათასს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები კიდევ 4 სახელმწიფოში დაფიქსირდა: სერბეთი, სლოვაკეთი, პალესტინა და კოსტა-რიკა.

ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ვატიკანშიც. დაინფიცირების ახალი შემთხვევები გაიზარდა  რუსეთში, სადაც საერთო ჯამში ვირუსით 10 დადასტურებული დაავადებულია. "კოვიდ19"-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში.

ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 283-ით მოიმატა გერმანიაში. ვირუსით დაინფიცირდა საფრანგეთის პარლამენტის წევრი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ქვეყანაში 423 პაციენტი ებრძვის დაავადებას.

ამერიკის შეერთებული შტატებში კი, ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 13-ს მიაღწია. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, დაინფიცირების ზრდის შემთხვევაში შტატებს კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტების საკმარისი რაოდენობა აღარ ექნება.

დაავადების გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში რჩება.

მხოლოდ იტალიაში ვირუსმა 148 ადამიანი იმსხვერპლა. ირანში კი "კოვიდ 19"-ით 124 პაციენტი დაიღუპა.

ვირუსით დღეს ირანელი დიპლომატი და პარლამენტის წევრი დაიღუპნენ. ირანს დახმარებას დაპირდა ჩინეთი. პეკინმა უკვე გაგზავნა სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც ირანში იმუშავებენ. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ სამხრეთ კორეაშია, სადაც დაავადებას 7 ათასამდე პაციენტი ებრძვის.

ვირუსის პრევენციის მიზნით კათოლიკური ეკლესია ზომებს იღებს.

კორონავირუსის საფრთხის გამო კათოლიკურ ეკლესიებში ზიარების წესი შეცვალეს. ასევე ვირუსის გამო რომის პაპმა შესაძლოა, ვიდეო-ფორმატში იქადაგოს.

"კოვიდ 19"-ის გავრცელების გამო ქალაქ ბეთლემში კარანტინი გამოცხადდა.

ჩინეთში კი, აცახდებენ რომ ჰუბეის პროვინციაში, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს, შესაძლოა მალე კარანტინი გაუქმდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია და სახელმწიფოებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები