"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა "ქურდული სამყაროს" წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - თ.ჭ. ჩართეს. კრიმინალური სამყაროს წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.
ერთ-ერთი დაკავებული გახლავთ გიორგი მეცხვარიშვილი, რომლის ადვოკატის განცხადებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ დააკავეს, შემდეგ ჩაუტარეს ჩხრეკა და ბრალიც გუშინვე წაუყენეს. ერთადერთი რაც მან მითხრა - ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო, ვერც ვხვდები რაზე მედავებიან, უნდა გავიხსენო ყველაფერი ვისთან რა ვისაუბრეო. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. მას შემდეგ რაც გავეცნობით საქმის მასალებს და ვნახავთ რამდენად საფუძვლიანია მის მიმართ მტკიცებულებები, შემდეგ გადავწყვეტ დაცვის სტრატეგიას," - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.
აღსანიშნავია, რომ გასაჯაროებულია ფარული სატელეფონი ჩანაწერი, სადაც მხარეები ფულის დაბრუნების თაობაზე მსჯელობენ.
შსს-ს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა, ინტენსიური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს 4500 ლარი და 1800 ამერიკული დოლარი გამოსძალეს.
"ქურდული სამყაროს" წევრებმა, ინტენსიური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს 4500 ლარი და 1800 ამერიკული დოლარი გამოსძალეს. პოლიცია, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ," - განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ლილუაშვილმა.