კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული საქართველოს 44 წლის მოქალაქეა.
მისივე თქმით, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.
"საქართველოს 44 წლის მოქალაქეა. ეს არის ჩვენს ცენტრში უკვე დაავადების მეოთხე შემთხვევა. განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა. დაწყებულია მკურნალობა. გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია.
დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია," - აღნიშნა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევაშიც ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან ჩამოვიდა. მან კლინიკას დაბრუნებიდან 3 დღეში მიმართა და ამ პერიოდის განმავლობაში კონტაქტი დაახლოებით ოც ადამიანთან ჰქონდა.
მედიკოსთა ინფორმაციით, დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი.