30 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
თავდაცვის უწყებაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები მიმდინარეობს

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საინჟინრო ბატალიონის სპეციალური ქვედანაყოფისა და სადეზინფექციო ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით საფუძვლიანად დამუშავდა ყაზარმები, სასადილოები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ლიფტები და კიბის უჯრედები. 

ვირუსული ინფექციის გავრცელების აღკვეთის სამუშაოებს, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის ინიცირებით შექმნილი ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომელიც მუდმივ კოორდინაციაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონად გამოცხადების პარალელურად, სამხედრო ქვედანაყოფებში დამატებითი სამედიცინო სივრცეები შეიქმნა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ბრძანება გამოსცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში. ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ.

მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმდა სამსახურეობრივი მივლინებები ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

დღის ამბები