30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება. რაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, ის 2019 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. შესაძლებელია პრეზიდენტი შეწყალების კომისიასაც შეეხოს.

"ველოდებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მობრძანდება პარლამენტში და ექნება კონსტიტუციით განსაზღვრული პროცესების შესაბამისად თავისი სიტყვა, ამის შემდგომ იქნება ფრაქციების გამოსვლა, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში, რომლის შემდგომაც უმრავლესობის ლიდერი წარდგება პარლამენტის წინაშე და საბოლოოდ შემაჯამებელი სიტყვით ისევ საქართველოს პრეზიდენტი მოახსენებს საქართველოს პარლამენტს.

დარწმუნებული ვარ ყველა ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებს ის ახსენებს თავის სიტყვაში, შესაძლებელია იყოს საუბარი შეწყალების კომისიასთან დაკავშირებითაც," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას თქმით, კითხვები დაისმება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც პრეზიდენტს ეხება:

"ის საკითხები, რომელიც პრეზიდენტს ეხებოდა და მისი მონაწილეობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, ამ საკითხებზე ყველაფერზე დაისმება კითხვები,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები