30 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
დავა საავტორო უფლებათა დამცველ ასოციაციებს შორის - დათო ევგენიძე და ნატო გელაშვილი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ 

დათო ევგენიძე და ნატო გელაშვილი საკუთარი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

7 თვის განმავლობაში საავტორო უფლებათა დამცველი ასოციაცია GCA-ის ანგარიშზე ტელევიზიებიდან ჩარიცხული ჰონორარის საკითხის გარკვევას ცდილობენ, რომელიც ამ დრომდე, არც ერთ მათგანს არ მიუღია. ორივე ავტორი წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ასოციაციაში ირიცხებოდნენ, თუმცა თვეების წინ, მათ აღნიშნული კონტრაქტი შეუწყდათ.

ხელოვანებს საავტორო უფლებათა დამცველ ასოციაციაში უპასუხეს. GCA-ის  თავმჯდომარის განმარტებით, ნებისმიერი ავტორის შემოქმედებით მიღებული თანხა, კონკრეტულად ტელევიზიებიდან ანგარიშდება 6 თვეში ერთხელ და სარგებელიც გაიცემა ამ პერიოდულობით. ვინაიდან, ორივე მუსიკოსმა გაწყვიტა კონტრაქტი GCA-თან აპრილის თვეში, მათ თავად უნდა მიემართათ ასოციაციისთვის და გაერკვიათ დავალიანების საკითხი.

GCA-თან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, დათო ევგენიძეც და ნატო გელაშვილიც საქართველოში მოქმედ მეორე უფლებათა დამცველ ასოციაცია GERA-ში გაერთიანდნენ. ვინაიდან, კანონის მიხედვით, მათი უფლებების დაცვა ახლა უკვე GERA-ს პირდაპირი ვალდებულებაა, სწორედ ეს ასოციაცია იკვლევს ავტორების მისამართით GCA-ის დავალიანების საკითხს.

ნებისმიერ ქვეყანაში საავტორო უფლება დამცველთა ასოციაციები იქმნება პირველ რიგში ავტორთა უფლებების დასაცავად. ასოციაცია უნდა უზრუნველყოფდეს ავტორების შემოქმედებითი საკუთრების ერთობლივ საფუძველზე მართვას, რაც გულისხმობს ჰონორარის შეგროვებას და ავტორებისა და მათი უფლების მფლობელებისათვის განაწილებას. აღნიშნული დავა ავტორებსა და 2 ასოციაციას შორის უახლოეს პერიოდში სასამართლოში გადაინაცვლებს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

 

დღის ამბები