30 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ძალადობის ელექტრონული კონტროლი - კანონპროექტით, მოძალადისა და მსხვერპლის გადაადგილება ელექტრონულად გაკონტროლდება

ქალზე ძალადობის პრევენციის ახალი საკანონმდებლო ნორმა - პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვერპლის მოძალადისგან დასაცავად ახალი მექანიზმი შეიმუშავა. ძალოვანი უწყების კანონპროექტით, მოძალადისა და მსხვერპლის გადაადგილება ელექტრონულად გაკონტროლდება.

ელექტრომაკონტროლებელს სამართალდამცველები შემაკავებელ ორდერთან ერთად გამოიყენებენ. ტელეფონის მსგავსი მოწყობილობა მსხვერპლ ქალს გადაეცემა, სამაჯურს კი მოძალადეს დაუმონტაჟებენ.

ახალ მექანიზმს სამართალდამცველები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ძალადობის განმეორებით ჩადენის საფრთხე არსებობს. ელექტრონულ ზედამხედველობას პოლიციელი შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით განახორციელებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცეს, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 34%-ით მეტია. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გაცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ 4%-მა დაარღვია. გასულ წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან ბრალი 5000-მდე პირს წარედგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მოიწონა. ქალებზე ძალადობის პრევენცია - ასეთია უმრავლესობის არგუმენტები, კანონპროექტს მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა აქვთ შენიშვნებიც.

ელექტრო-სამაჯურებით მოძალადეების გაკონტროლების აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ ქალებზე ძალადობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. უფლებადამცველების მოსაზრებით,  ელექტრო-კონტროლის მექანიზმი რომ დროულად ამოქმედებულიყო, ძალადობის ფაქტების უმეტესობა არ მოხდებოდა.

2020 წლის ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა "კურიერის" არქივი რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევას უკვე ინახავს.

დღის ამბები