30 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
წამება განსაკუთრებული სისასტიკით გურიაში - ყაჩაღობის მსხვერპლი მოხუცი ცოლ-ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

სახლში, სადაც მოხუც ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში, გამთენიისას ჩადენილი ყაჩაღობის განსაკუთრებულ სისასტიკეზე ადგილობრივები ყვებიან.

მოხუცი ცოლ-ქმარი სახლში მარტო ცხოვრობდა, მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია იყო. თანხის და ძვირფასეულობის მოთხოვნის მიზნით, დამნაშავეებმა 82 და 80 წლის მოხუცებს სხეულზე, როგორც დანით, ასევე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დამნაშავეებმა ძვირფასეულობის არა, თუმცა 2500 ლარის წაღება მარტოხელა მოხუცებისგან მაინც მოახერხეს. მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და არც სავარაუდო ჩამდენი იციან, თუმცა არ გამორიცხავენ, დანაშაული იმ პირებს ჩაედინათ, ვინც ოჯახს კარგად იცნობდა და იცოდა, რომ პენსიონერებს სახლში თანხა ჰქონდათ. რამდენიმე დღით ადრე ცოლ-ქმარმა ძროხა გაყიდა.

მოხუცი ცოლ-ქმარი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, დაზარალებულები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიყო.

დღის ამბები