30 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
წყალში დახარჯული 50 მილიონი ევრო - აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიაში შემავალი საწარმოების საქმიანობა შეისწავლა

აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიაში შემავალი საწარმოების საქმიანობა შეისწავლა. მაკონტროლებელ ორგანოს ყველაზე მეტი კითხვა "ბათუმის წყალთან" აქვს. 50 მილიონი ევროს დახარჯვის მიუხედავად, რატომ რჩება ქალაქში პრობლემად მილიონობით კუბური მეტრის წყლის აღურიცხავი ხარჯვა, რითიც ბიუჯეტი ასი ათასობით ლარს ზარალობს. 

შპს "ბათუმის წყლის" მიერ, 2014-2018 წლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, 4 წლის განმავლობაში მოპოვებული 194 მილიონი კუბ.მ წყლიდან, დანაკარგად ჩაითვალა და შემოსავალი არ მოუტანია თითქმის 144 მილიონ კუბ.მ-ს, რაც ჯამში თითქმის 70 პროცენტს უდრის. შესაბამისად, კომპანიამ 200 ათასი ლარის შემოსავალი ვერ მიიღო. აღნიშნული გარემოებები კომპანიის არაეფექტიან მმართველობაზე მიუთითებს და პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებს აჩენს. ასე აფასებს აუდიტის სამსახური შპს "ბათუმის წყლის" საქმიანობას.

ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული 49 შპს-დან წყლის კომპანია ერთ-ერთია, რომელთანაც მაკონტროლებელს ყველაზე მეტი შეკითხვა აქვს. აუდიტის მსგავსად კომპანიის საქმიანობაში სავარაუდო კანონდარღვევის ნიშნებს ხედავს ადგილობრივი ოპოზიციაც. მათი მტკიცებით, შპს, მერიის თანხმობით შესაძლოა დიდი ოდენობით წყალს აღრიცხვის გარეშე გარკვეულ კომპანიებს პირადი გარიგების საფუძველზე აწვდიდეს. ოპოზიცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

რატომ იკარგება ათეულობით მილიონი კუბური მეტრი წყალი ყოველწლიურად და რით აიხსნება ასიათასობით ლარის საბიუჯეტო ზარალი - ამ კითხვაზე პასუხის მიღება დღეს კურიერმა "ბათუმის წყლის" კომპანიისგან სცადა. აღმოჩნდა, რომ შპს-ში, რომელიც სოლიდური თანხებით ფინანსდება, დირექტორის მივლინებაში ყოფნის გამო, კითხვებზე პასუხის გამცემი კომპეტენტური პირი ვერ მოიძებნა.

აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და 143 მილიონი კუბური მეტრი წყლის დანაკარგს ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემად არ თვლის ბათუმის ვიცე-მერი. ჯაბა ტუღუშის თქმით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტირებაზე დახარჯული 50 მილიონი ევრო მხოლოდ ბათუმის ძველ ნაწილს მოხმარდა. ქალაქ ბათუმისთვის შემოერთებულ ახალ ტერიტორიებზე კი, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა, რამაც დანაკარგების კონტროლი გაართულა. ვიცე-მერი კორუფციული სქემების არსებობას გამორიცხავს.

სისტემის მოსაწესრიგებლად დახარჯული მილიონები, წყლის ჯამური რაოდენობის 70 პროცენტიანი დანაკარგი და 200 ათასი ლარით დაზარალებული ადგილობრივი ბიუჯეტი - ეს ბათუმის წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შედეგია.

ფაქტთან დაკავშირებული მასალები აუდიტის სამსახურმა საგამოძიებო უწყებას უკვე გადაუგზავნა. დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

დღის ამბები