30 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები გააქტიურდა

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასწავლო დაწესებულებებში სპეციალური ჯგუფები სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. 16 მარტამდე შეწყდა სწავლა სკოლებში. სასწავლო პროცესი გვიან დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

თბილისში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების სპეციალური ხსნარით დამუშავება დილიდან დაიწყო. დეზინფექცია ჩაუტარდა ყველა იმ საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ყოველდღიურად ასეულობით ათასი მოქალაქე გადაადგილდება. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ზომები გატარდა მეტროებში, სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში. ვირუსის გავრცელების საფრთხის არსებობის პერიოდში დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

უსაფრთხოების მიზნით საგანგებო რეჟიმზე გადადის განათლების სისტემაც. პრევენციული ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში იწყება, სადაც ორკვირიანი არდადეგები უკვე გამოცხადდა. 

სწავლა 16 მარტამდე შეწყდა სკოლებშიც, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სპეციალური ნივთიერებით მუშავდება კლასები და დერეფნები. შესაბამისი რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიმართა. სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ამ პერიოდში ყველა კორპუსში სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

პრევენციული ღონისძიებები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვირუსის საფრთხის არსებობის პერიოდში მუდმივად განხორციელდება.

დღის ამბები