30 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
იმერეთში COVID 19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ შეხვედრაზე, როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სპეცეპიდზედამხედველობის და დეზინფექციის სამსახურის უფროსის რუსუდან ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იმერეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

დღის ამბები