30 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა - ბოკერია

ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს არ ცვლის. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკება შედგეს, აუცილებელია მმართველმა პარტიამ ოპონენტების მთავარი მოთხოვნები შეასრულოს.

"გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა. რახან თვითონ შემოგვთავაზეს, რომ პარტიულ სიას და მაჟორიტარებს შორის პროპორცია არის გზა ამის გადაწყვეტის, ჩვენ ვუთხარით თუ როგორ უნდა გადაწყდეს - 130 პარტიული სიით, 20 მაჟორიტარი. მარტივია ხომ?! გადადგან ეს ნაბიჯები, მდგომარეობა განიმუხტება და მერე შეეგუონ ამომრჩევლების გადაწყვეტილებას არჩევნებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, მათი მარცხი იქნება," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ის, რომ 40 %-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ერთპიროვნულად ვერ მართოს ქვეყანა, მისასალმებელია.

"40%-ს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოსაზრებები წარდგენილი. კარგია, რომ ამას ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება. მაგრამ არის ძალიან ბევრი საკითხი, ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც გასათვალისწინებელია და ამ საკითხებზე ჩვენ ალბათ უახლოეს ხანებში კიდევ უნდა გვქონდეს სერიოზული კონსულტაციები.

მთლიანობაში ვამბობ, რომ კონსტურქციულობას მივესალმებით, მაგრამ ყველა საკითხი, რაც განვიხილეთ და წარვადგინეთ საერთაშორისო მეგობრების თანამონაწილეობით და დევს მაგიდაზე, ეს კომპლექტში უნდა იყოს განხილული," - განაცხადა ბარამიძემ.

დღის ამბები