30 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში 5 პაციენტის ანალიზმა კორონავირუსი არ დაადასტურა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა იზრდება. კლინიკაში უკვე 32 ადამიანია მოთავსებული. დილით კი მათი რაოდენობა 24 იყო.

"კურიერმა" ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები მოიპოვა, ხუთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ერთ-ერთი პაციენტი ის 24 წლის გოგონაა, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია.

ლუგარის ლაბორატორიის სრული პასუხები დღის ბოლომდე მზად იქნება.

საკარანტინო ზონაში მოთავსებულებს კი მედიკოსები აკვირდებიან და მათი ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომებით 41 ადამიანია მოთავსებული.

119 პირი კარანტინში იმყოფება. ჯერჯერობით ლაბორატორიულად კორონავირუსით დაინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევა დღეს აღარ დაფიქსირებულა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს ისევ ელოდებიან.

"32 პაციენტიდან 1 პაციენტს აქვს მხოლოდ პნევმონია, დანარჩენებს კი პნევმონიაც არ აქვთ. პასუხებს ველოდებით და ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული ეჭვი არ გვაქვს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აეროპორტებში და სასაზღვრო პუნქტებზე განთავსდა დამატებითი საკარანტინო ზონები. აეროპორტებში გაშლილია კარვები, სადაც მოქალაქეებს სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განათავსებენ.

"აეროპორტებში დაემატა საკარანტინო ზონები და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის შემდეგ ადამიანების გადამისამართება ხდება ადგილზე მობილიზებულ ეპიდემიოლოგებთან, მაღალი რისკის შემცველ ადგილებს კი სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება,"- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

დღის ამბები