კონსერვატორიის დიდი დარბაზი ექსპერიმენტულ პროექტს მასპინძლობს. არტისტი გიორგი ცაგარელი, პიანისტი გიორგი გიგაშვილი და ერეკლე დეისაძე მუსიკალურ წარმოდგენას მართავენ, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
"მაყურებელზე მეტად ველოდები იმას, თუ როგორი გამოვა. საერთოდ ექსპერიმენტი ყოველთვის საინტერესოა. თუმცა, ამ ყველაფერს მე ექსპერიმენტსაც ვერ დავარქმევ, ეს არის სიტყვისა და მუსიკის სინთეზის ნამდვილი შემთხვევა. ძალიან საინტერესოა ის, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა ეპოქის ავტორები ერთიანდებიან," - აცხადებს პროექტის იდეის ავტორი, თეონა ჯორბენაძე.
მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი უჩვეულო ექსპერიმენტი მისთვის ახალი გამოწვევაა
"თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვაში იგულისხმება ბგერაც. ამ შემთხვევაში ბგერის და სიტყვის სინთეზი ორივე თავისებური მუსიკაა, ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა და ახალი ექსპერიმენტია უჩვეულო სივრცეში - კონსერვატორიაში. ასეთ სივრცეებს კონკრეტული სეგმენტი ჰყავთ - აკადემიური, რომლებიც თვლიან, რომ ეს უნდა იყოს დახურული, ჩაკეტილი, მაგრამ ახლა პირიქით არის, მოხდა ისე რომ ეს კარები გაიღო," - განაცხადა ერეკლე დეისაძემ.