30 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
მასშტაბური კიბერთაღლითობა - მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხები უნებართვოდ, ინტერნეტ ტოტალიზატორში გადაირიცხა

საქართველოში მასშტაბური კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხები უნებართვოდ, ინტერნეტტოტალიზატორში გადაირიცხა.

მაგალითად, მარიამ წიქარიშვილის ბარათიდან, ერთწუთიანი ინტერვალით, თანხა ოთხჯერ მოიჭრა და ინტერნეტ ტოტალიზატორში გადაირიცხა. კიბერთაღლითობის მსხვერპლი ამბობს, რომ ტრანზაქციების განხორციელებიდან მალევე ბანკს და ტოტალიზატორს მიმართა და სარჩელი შეიტანა პოლიციაშიც. პირველ შემთხვევაზე გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში მისი ბარათიდან თანხა ისევ მოიჭრა.

ამ და სხვა შემთხვევების საპასუხოდ ონლაინბეთინგის კომპანიაში წერილობით პასუხში განმარტავენ, რომ მიზეზი ხშირად მომხმარებლის მიერ, პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გაცემა, ან არასათანადო შენახვა ხდება. "აჭარაბეთი" დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობას მომხმარებლებს აკისრებს. მარიამ წიქარიშვილი ერთ-ერთია იმ ათეულობით მოქალაქეს შორის, რომლებმაც კიბერთაღლითობის გამო, თანხა დაკარგეს.

სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე ჩნდება ერთნაირი შინაარსის პოსტები. ყველა შემთხვევაში თაღლითური სქემა იდენტურია - თანხა საქართველოში არსებულ სხვადასხვა ინტერნეტ ტოტალიზატორში ირიცხება. საბანკო ბარათებიდან თანხის თაღლითურად მოხსნის მეთოდები ყოველდღიურად ახალ ფორმებს და მასშტაბებს იძენს. კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები იმ მეთოდებზე საუბრობენ, რომელთა გამოყენებითაც დამნაშავეები თანხას ისაკუთრებენ. 

ამ ტიპის დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმად, კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლებას ასახელებენ სპეციალისტები, ისინი საუბრობენ შესაბამის რეკომენდაციებზეც.

თანხის მითვისების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მექანიზმად შინაგან საქმეთა სამინისტრო "ფიშინგს" ასახელებს, როდესაც დამნაშავეები რეალური გვერდის ყალბ ანალოგს ქმნიან, სადაც მომხმარებელს საკუთარი პერსონალური ინფორმაცია შეჰყავს.

მსოფლიოში კიბერდანაშაულის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ტენდენცია მზარდია საქართველოშიც.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები