კორონავირუსი უკვე 58 ქვეყანაშია. სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა.
ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი 43 ადამიანი, ვირუსმა ირანში იმსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევები 600-მდე გაიზარდა. თუმცა ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს "ბი-ბი-სი". მედიასაშუალების ინფორმაციით, თეირანი ზუსტ მონაცემებს მალავს და რეალურად, ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა.
ახალი ვირუსით დაინფიცირებულთა შორისაა ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის წევრები. ერთ-ერთ მათგანი ვირუსმა დღეს იმსხვერპლა. 10 დღიანი უშედეგო მკურნალობის მიუხედავად COVID 19-ით დაიღუპა 23 წლის ირანელი ფეხბურთელი. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი მაინც არ ცხადდება. თუმცა, ვირუსის პრევენციის მიზნით, ირანის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა.
"დიახ, მე კორონავირუსი დამიდგინდა. მართალია ქვეყანაში ვირუსი ფართოდ გავრცელდა, მაგრამ განგაშის მიზეზი მაინც არ გვაქვს. ამჟამად კარანტინში ვარ და აუცილებლად დავამარცხებ ამ კრიტიკულ მდგომარეობას" - ასე უწოდა სამხრეთ კორეის მთვარობამ ქვეყანაში დაინფიცირების რეკორდულ სტატისტიკას.
რეკორდულად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში. ვირუსს უკვე 3000-მდე პაციენტი ებრძვის. COVID-19-მა 17 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დახურულია.
"ამ რთულ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. სხვა ქალაქებიდან გვიგზავნიან პირბადეებს. ეს კი ჩვენ ძალიან გვაიმედებს და უფრო გაბედულები ვხდებით ვირუსთან ბრძოლაში" - აღნიშნავს ქალაქ დაეგუს მერი, კვონ იუნგ ჯინი.
დაცარიელებული ქუჩები, გაუქმებული და გადადებული სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები, დახურული სასწავლო დაწესებულებები და კარანტინში მოქცეული ქალაქები - ასეთია ვითარება იტალიაში, რომელიც კვლავ ვირუსის ერთ-ერთ ეპიცენტრად რჩება. ქვეყენაში გარდაცვლილთა რიცხვმა 21-ს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 900-ს მიაღწია. კორონავირუსს არა, მაგრამ გაციებას ებრძვის რომის პაპი ფრანცისკე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პონტიფიკოსმა ყველა ოფიციალური შეხვედრა გააუქმა. იტალიაში კარანტინში იმყოფება ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი. იზოლაციაში არიან ფილმ "შეუსრულებელი მისია 7"-ის გადამღები ჯგუფის წევრები და სხვა მსახიობებიც. კორონავირუსის საფრთხის გამო, ფილმის გადაღებები შეჩერებულია.
პრევენციულ ზომებს მიმართავს საფრანგეთიც, სადაც მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად მუშაობა დაუშვა. ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა მასობრივი თავშეყრის ადგილებზეც. საფრანგეთში ამ დრომდე ინფიცირების 73, ხოლო გარდაცვალების 2 შემთხვევა გამოვლინდა.
"დაინფიცირებული 2 პაციენტი, ჯანმრთელების სერიოზული პრობლემებით, საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ისინი ეგვიპტეში იმყოფებოდნენ. ახლა ვარკვევთ ინფიცირებულებს ვისთან ჰქონდათ კონტაქტი. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო და ვუთხრა, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ყველაფრისთვის მზად არის. ჩვენ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში არ ვართ და სერიოზულად ვმუშაობთ ვირუსთან საბრძოლველად," - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა.
ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა კალიფორნიასა და ორეგონშიც. ახლად დაავადებულებს არც უმოგზაურიათ და არც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე მათ წარმოედგინათ, რადგან აქამდე კორონავირუსი ამერიკის მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაუდგინდათ, რომლებიც მანამდე ჩინეთში ან აზიის სხვა რომელიმე სახელმწიფოში იმყოფებოდნენ.
"დაინფიცირების ახალი შემთხვევების გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ. ღელვის მიზეზი სერიოზულია. დაინფიცირებულს არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია ასევე არ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულებთან. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. არ ვიცით რა სისწრაფით გავრცელდება ინფექცია დაავადებულის ახლობლებსა თუ ნათესავებზე. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით," - აცხადებს ორეგონის შტატის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი პეტ ალენი.
კორონავირუსის საფრთხის გამო, სამგზავრო შეზღუდვებს გაახანგრძლივებს ვაშინგტონი. პრევენციის მიზნით, შტატების ხელისუფლებამ მარტში დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტიც გადადო.
"წელიწადში გრიპისგან 35 ათასი ადამიანი იღუპება. როცა ეს ინფორმაცია მოვისმინე, შოკირებული ვიყავი. ვინმემ თუ იცოდა ამის შესახებ? ახალი ვირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება ამერიკაში. ჩვენ საუკეთესო სპეციალისტები გვყავს და ნებისმიერი ყველაზე ცუდი შემთხვევისთვისაც კი მზად ვართ. ამ ფონზე კი, გაგიკვირდებათ და პრესა სრულ ისტერიკაშია" - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა ავსტრალიამ.პირველი მარტიდან ქვეყანაში ჩასვლის მსურველებს ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი უნდა ჰქონდეთ გავლილი. რაც შეეხება ირანიდან ჩასულ ავსტრალიის მოქალაქეებს, მათ 2 კვირა თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. ავსტრალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.
"ვირუსის გამო ირანიიდან ჩამოსული ავსტრალიის მოქალაქები თვითიზოლაციაში იქნებიან. ეს პერიოდი 14 დღე გაგრძელდება. ავსტრალიაში ვერ შემოვა ვერც ერთი მგზავრი, თუ ირანში ინკუბაციის პერიოდი არ ექნებათ გავლილი. ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა დიდი არ არის თუმცა პრევენციის მიზნით ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა," - ამბობს ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი, გრეგ ჰანთი.
კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია - ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აკეთებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 85 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 933 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა კი ჩინეთის მოქალაქეა.
ავტორი: ანი მურადაშვილი