30 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
კორუფციის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნები - ბორჯომი მმართველების გარეშე დარჩა

გამოძიების ინფორმაციით ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთ-ერთ მეწარმეს მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ 200 000 ლარი მოსთხოვა. გიორგი გოგიჩაიშვილი სამართალდამცავებმა წინასწარ 20 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორჯომის მერიც დააკავა. ამ შემთხვევაში უკვე საუბარია ბაკურიანზე, სადაც გამოძების განმარტებით უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, იგივე მეწარმეს ლევან ლიპარტიამ 10 500 ლარი მოსთხოვა. ამ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, სამართალდამცავებმა ლიპარტიას მეგობარი ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილიც აიყვანეს.

ხაშურში და ბორჯომში აყვანილი ბრალდებულები თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორში ღამითვე გადაიყვანეს. "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს მაღალჩინოსნების საცხოვრებელ სახლებთან იმყოფებოდა, თუმცა ბრალდებულების ნათესავები კამერებთან საუბრისგან თავს იკავებენ.

საკრებულოს თავმჯდომარე "პატრიოტთა ალიანსის" წევრია, მერი კი "ქართული ოცნების". ოპოზიციაში ამბობენ, რომ კორუფცია ბორჯომ-ბაკურიანში სისტემური პრობლემაა და იქ ქრთამს გაცილებით მეტი მაღალჩინოსანი იღებს.

ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ამბობს, რომ ბორჯომის დაკავებებმა პირიქით აჩვენა, რომ კანონის წინაში ყველა თანასწორია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს 11-დან 15 წლამდე, ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას კი 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბიზნესმენ გიორგი ულუმბელაშვილის ბრალი კი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები